თავიდან ავიცილოთ დაკარგული COVID თაობის წარმოქმნა

პანდემიაზე რეაგირების, აღდგენის და პოსტ-პანდემიური სამყაროს ახლებური წარმოსახვის ექვსპუნქტიანი გეგმა ყველა ბავშვისთვის

Girls in school
UNICEF/GEO-2020/Jibuti

შესახებ

პანდემიის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ COVID-19-მა 1 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მომავალი ეჭვქვეშ დააყენა. ვირუსის გავლენა მსოფლიოს ბავშვებსა და ახალგაზრდებზე ცხადი და სულ უფრო საგანგაშო ხდება. ბავშვებს ერთდროულად სამი ტიპის საფრთხე ემუქრებათ: თავად დაავადების პირდაპირი შედეგები, ძირითადი სერვისების შეწყვეტა და სიღარიბის და უთანასწორობის ზრდა.

იმის მიუხედავად, რომ ეს ასაკობრივი ჯგუფი სხვებზე ნაკლებად არის დაზარალებული, არსებული მონაცემების თანახმად, COVID-19 ბავშვებისა და ახალგაზრდების ჯანმრთელობაზე უფრო პირდაპირ გავლენას ახდენს, ვიდრე თავდაპირველად ველოდით, როდესაც 2019 წლის ბოლოს კრიზისი დაიწყო, 87 ქვეყნიდან მიღებული ასაკობრივი მონაცემების საფუძველზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაკეთებული ახალი ანალიზი გვიჩვენებს, რომ 2020 წლის ნოემბრის მონაცემებით, ამ ქვეყნებში, COVID-19-ით ინფექციების აღრიცხული შემთხვევების მთლიან რაოდენობაში ბავშვებისა და მოზარდების წილი 11 პროცენტია.ისეთი აუცილებელი სერვისების შეფერხება, როგორიცაა განათლება, ჯანდაცვა, კვება და ბავშვთა დაცვა, ბავშვებს ზიანს აყენებს. გლობალური ეკონომიკური რეცესიის პირობებში ბავშვები ღატაკდებიან და ღრმავდება უთანასწორობა და გარიყულობა, რადგან ყველაზე დაუცველი ოჯახები ცდილობენ გაუმკლავდნენ სამუშაოების, საარსებო წყაროების, შემოსავლების, მობილობის, სწავლის შესაძლებლობების, ჯანმრთელობისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის დაკარგვას.