გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოში ბავშვების ტყვიით მოწამვლის აღმოფხვრაში მიღწეული პროგრესის აღიარებას

19 იანვარი 2024

თბილისი, საქართველო, 2024 წლის 19 იანვარი. გაეროს ბავშვთა ფონდი მიესალმება საქართველოში ბავშვების ტყვიით მოწამვლის აღმოსაფხვრელად საქართველოს მთავრობისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ძალისხმევის აღიარებას მაღალი დონის ფორუმზე, „ტყვიის შემცველობისგან თავისუფალი ატმოსფერული ჰაერისკენ“, რომელიც გაიმართა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. დასაფასებელია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის როლის ხაზგასმა საქართველოში ბავშვთა ტყვიით მოწამვლის პრობლემის მოგვარებაში.  

2018 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის (MICS) შედეგად საქართველოს მთავრობამ აღმოაჩინა, რომ საქართველოში ბავშვების 41 პროცენტს სისხლში ტყვიის დონის გადაჭარბებული შემცველობა აღენიშნებოდა. მთავრობამ დაუყონებლივი რეაგირება მოახდინა პრობლემის გადასაჭრელად და დანერგა ტყვიის ზემოქმედების აღმოფხვრისკენ მიმართულ გრძელვადიანი სტრატეგია და ეროვნული რეაგირების გეგმა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ინსტიტუციური, ლაბორატორიული და ზედამხედველობის შესაძლებლობები, აუცილებელი მომსახურებები, მარეგულირებელი, აღსრულებისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმები ბავშვების ტყვიით მოწამვლის აღმოსაფხვრელად.

ბავშვთა ტყვიით მოწამვლის აღმოფხვრის საქმეში გაეროს ბავშვთა ფონდი მთავრობის წამყვანი პარტნიორია საქართველოში გაეროს სააგენტოებს შორის. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გაწეულმა ადვოკატირებამ, ტექნიკურმა დახმარებამ და პარტნიორების მობილიზებამ საშუალება მისცა საქართველოს, გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგა პრობლემის გადასაჭრელად. ახლახან შექმნილი ჯანმრთელობაზე ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობითი სისტემა უზრუნველყოფს ბავშვების სისხლში ტყვიის დონეზე რუტინულ დაკვირვებას. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულ ცენტრში შექმნილ ქიმიური რისკ-ფაქტორების კვლევით ლაბორატორიას წამყვანი როლი უკავია ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობითი სისტემის მუშაობაში, ბავშვების სისხლში ტყვიის გამოვლენისა და დაბინძურების წყაროების იდენტიფიცირებისთვის. გაეროს ბავშვთა ფონდმა ხელი შეუწყო ლაბორატორიის სპეციალიზებული აღჭურვილობით მომარაგებას და პერსონალის გადამზადებას. ჯანმრთელობაზე ტყვიის ზეგავლენის ზედამხედველობითი სისტემის მეშვეობით მოპოვებული მონაცემებისა და მტკიცებულებების შედეგად შესაძლებელი გახდება სამომავლო პოლიტიკის და ქმედებების განსაზღვრა.

გაეროს ბავშვთა ფონდი მადლობას უხდის დონორებს უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის მთელი პროცესის განმავლობაში, კერძოდ, USAID-ს, კლარიოსის ფონდსა და ესტონეთის მთავრობას.

გაეროს ბავშვთა ფონდი ადასტურებს მზაობას, განაგრძოს საქართველოს მთავრობის დახმარება ბავშვებში ტყვიით მოწამლვის აღმოფხვრის მიზნით, რათა თითოეულმა ბავშვმა საქართველოში იცხოვროს სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოში.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.