სკოლაში დაბრუნება COVID-19-ის პერიოდში - ბავშვების ისტორიები

ბავშვევი გვიყვებიან თავიანთი გრძნობებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომელთანაც გამკლავება უწევთ

UNICEF
boy studying
UNICEF/GEO-2020/Jibuti
16 სექტემბერი 2020

 

ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩვეულებრივ პერიოდშიც ზღვა ემოციასთან არის ხოლმე დაკავშირებული. მით უმეტეს - პანდემიის პირობებში.

საქართველოში სკოლების ნაწილმა საკლასო ოთახებში დაიწყო სწავლა, ნაწილი კი კვლავ დისტანციურ სწავლებას დაუბრუნდა. თუმცა, ბავშვები ყველა ქალაქსა თუ სოფელში ელოდებიან მეგობრებთან და მასწავლებლებთან პირისპირ შეხვედრას.

ჩვენ ვთხოვეთ მოსწავლეებს, მოეყოლათ, რას გრძნობენ ახლა, რა შეიცვალა მათ ცხოვრებაში და როგორ უმკლავდებიან ამ ცვლილებებს.

 


 

 

School Girl
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ნათია სამნაშვილი, 10 წლის.

 

„მიხარია სკოლაში დაბრუნება, სახლიდან ძალიან რთული იყო, კომპიუტერი თვალებსაც გვტკენდა და თითებსაც. ონლაინ ახსნილ გაკვეთილებს ვიგებდი, მაგრამ პირისპირ რომ ვხვდებოდით მასწავლებელს, ეგ უფრო ადვილი იყო.  კიდევ იმიტომ მიხარია, რომ კლასელებს ვნახავ, ახალ მასწავლებლებსაც შევხვდებით. ონლაინ რომ ყოფილიყო ისევ სწავლა, მასწავლებლებსაც ვერ გავიცნობდით, თან ახლა ახალი მასწავლებლები გვემატება.“ 

 


 

School Boy
UNICEF

ანდრია ხოჭოლავა, 9 წლის.

 

„ონლაინ სწავლა არ გამახსენოთ. სკოლაში სიარული მაგარია. შეცვლილი კია ისე რაღაცეები: მასწავლებლებს ვერ ჩაეხუტები, პირბადეები უკეთიათ სულ, მეგობრების ჩახუტებაც არ შეიძლება, მაგრამ მაგ წესს ვარღვევთ ხოლმე. შესვენებები დამოკლებულია და ხელების დაბანა გვიწევს ბევრჯერ. კიდევ, ერთმანეთისთვის რაღაცეების თხოვება არ შეიძლება. ბოთლით დამაქვს წყალი და წყლის დასალევი ფანტანიც გამორთულია. მაგრამ მაინც ძაან კარგია სკოლაში. ჯერ წინა წლის მასალებს ვიმეორებთ და ბევრად უფრო კარგად მესმის ყველაფერი კლასში, ვიდრე ონლაინ გაკვეთილებზე. კიდევ, ახალი თამაში გვაქვს - „კორონობანა“, დაჭერობანას ჰგავს.“

 


 

School Girl
UNICEF/GEO-2020/Jibuti

თეონა ჯღირაძე, 13 წლის.

„კომპიუტერი არ მქონდა, ონლაინ გაკვეთილებს ტელეფონით ვესწრებოდი. დავალებები ან რვეულში უნდა დაგვეწერა და ფოტოთი გადაგვეგზავნა ან ვკრეფდით ტექსტს და ისე ვაგზავნიდით.  ზოგჯერ რაღაც ტექნიკური პრობლემების გამო ვერ შევდიოდით გაკვეთილებზე, ითიშებოდა ინტერნეტი ან დენი, ახლა მაგასაც აგვიხსნიან, რაც გამოვტოვეთ. მიხარია სკოლაში დაბრუნება, სახლში ძალიან მოწყენილობა იყო.  კიდევ, ჩემი მეგობრებიც მომენატრნენ და მათი ნახვა მიხარია.“

 


 

boy studying
UNICEF/GEO-2020/Jibuti

ლაშა დევლარიშვილი, 11 წლის.

 

„სკოლაში დაბრუნება მიხარია. სახლში მოწყენილობა იყო ძალიან. ძირითადად ვთამაშობდი და წიგნებს ვკითხულობდი, მაგრამ სკოლაში უფრო მეტი პოზიტივი იქნება და უკეთესი სასწავლო პროცესი“.

 


 

Girl in classroom
UNICEF

ელენე მელიქაძე, 12 წლის.

 

„თავიდან ონლაინ სკოლა საინტერესო იყო. მაგრამ ახლა რომ ვფიქრობ, მგონია, სკოლა ჯობია. ონლაინ სწავლების დროს მასწავლებლის მხოლოდ სახეს ხედავ და ეს ძალიან ცუდია. თვალებიც გეღლება და ადამიანური კომუნიკაციაც გაკლია. თუმცა, კარგი იყო, რომ გამოცდები არ ჩატარდა!

ახლა კი სკოლაში წავედი. ყველა მეგობარი გამაღლებული დამხვდა. სკოლაში ყოფნა იმიტომ მიხარია, რომ ადამიანების დანახვაც შემიძლია და მათთან დალაპარაკებაც. შესვენებებზე კარგად ვართობი. თუმცა, ყველას გვახსოვს, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. ვირუსი არ უნდა შეგვეყაროს და სხვასაც არ უნდა გადავცეთ.  მართალია, ბევრი დავალება გვაქვს, მაგრამ არ ვჩივი. სკოლა მომწონს და მიხარია! თუ  ონლაინ სკოლა კიდევ გახდება საჭირო, არ ვიცი რა მომივა. ალბათ სწავლის მაგივრად ხატვას დავიწყებ.“

 


 

School boy
UNICEF

დათა სულაბერიძე, 10 წლის

 

„სკოლაში დაბრუნება იმიტომ მიხარია, რომ მეგობრები და მასწავლებლები ძალიან მომენატრნენ.  მიყვარს სკოლა და ჩემი აზრით, თანატოლებთან ურთიერთობაც განათლების ნაწილია.“

 


 

School Girl
UNICEF

ნინო ხვიჩია, 10 წლის.

 

„ძალიან მიხარია სკოლაში დაბრუნება. პირველ დღეს ვნერვიულობდი დაწესებულ დისტანციაზე, ერთი სული მქონდა როდის ჩავეხუტებოდი ყველას, ყველა ძალიან მომენატრა. დილით ადრე ვდგები რომ არ დამაგვიანდეს და ადრე მივიდე სკოლაში. დისტანციური სწავლების დროს ზოგჯერ მავიწყდებოდა, ხშირად ვერც ვერთვებოდი ონლაინ გაკვეთილებზე, კარგად ვერ ვკონტაქტებოდით ბავშვები,ზოგჯერ მერიდებოდა კითხვების დასმა. მე სკოლაში ჩატარებული გავეთილები მიყვარს, უფრო საინტერესო და ხალისიანია.“

 




 

School Boy
UNICEF

გიორგი ალავიძე, 6 წლის.

 

„სკოლა კარგია, ძალიან კარგი.  სკოლაში მხიარულებაა.  იქ ბევრი ჩემი მეგობარია ბაღიდან. ორი ახალი ბავშვიც გვყავს და ერთთან უკვე დავმეგობრდი. გაკვეთილებიდან მათემატიკაზე მეტად ქართული მომწონს - წიგნებს გვიკითხავენ და ლიტერატურულ კლუბს ჰგავს. მომწონს ხატვის კლუბიც. შესვენებები მინდა რომ უფრო დიდი იყოს და ჩემ მეგობრებთან მეტი ვითამაშო.    მინდა, რომ   სკოლის ავტობუსით  ვიარო და სხვა მეგობრებიც გავიჩინო. სკოლაში მასწავლებლებს ნიღბები და ხელთათმანები უკეთიათ. მე ვიცი, რომ თუ ვირუსი ვინმეს დაემართება, სკოლა ისევ დაიკეტება“.

 


 

School Boy
UNICEF

ალექსანდრე ალასანია, 7 წლის.

 

„სკოლაში დაბრუნება მიხაროდა, თუმცა სხვანაირი დამხვდა. ერთად მხოლოდ ნახევარი კლასი ვიყავით. პირბადეებით დავდიოდით და დისტანცია უნდა დაგვეცვა, ამიტომ ვერ ვთამაშობდითთ და ვგიჟობით კარგად.

ისევ დისტანციური სწავლება რომ დაიწყო, მეწყინა, მეგობრებთან ურთიერთობას ვეღარ ვახერხებ და მენატრებიან. გაკვეთილების დროს პროგრამა სულ ჭედავს, ხმა არ მესმის. ხანდახან ყველა ერთად რომ იწყებს ლაპარაკს, ვიღლები და ვთიშავ. ახლა სახლში უნდა ვისხვდეთ ისევ, რომ ის „კონორა“ (ასე ეძახის კორონავირუსს) არ დაგვემართოს.“