პარტნიორულმა ინიციატივამ ხელი შეუწყო საქართველოში ინკლუზიური განათლების გაძლიერებას

22 სექტემბერი 2023
Norway project - final event
UNICEF/Geo-2023/Valishvili

თბილისი, 2023 წლის 22 სექტემბერი - დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ დასკვნით ღონისძიებაზე გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან პარტნიორობით, ნორვეგიის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების ეროვნული სამსახურის (Statped) ჩართულობით და ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით განხორციელებული სამწლიანი პროგრამის შედეგები შეაჯამეს.

პროგრამა დაეხმარა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, მასწავლებლებს, პროფესიონალებს და მშობლებს, შეექმნათ ინკლუზიური და თანასწორიგარემო სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საქართველოს მასშტაბით.

შეხვედრას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, ქ-ნი თამარ მახარაშვილი, ნორვეგიის ელჩი საქართველოში, ქ-ნი ბერგლიოტ ჰოვლანდი, აჭარის განათლების, მეცნიერების და კულტურის მინისტრი ქ-ნი მაია ხაჯიშვილი, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში, ბ-ნი იესპერ მოლერი და Statped-ის პროექტის უფროსი მრჩეველი ქ-ნი მარიტ სოლვოლი. 

Ambassador of Norway to Georgia
UNICEF/Geo-2023/Valishvili

“პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების მიღმა“ ნორვეგიის მთავრობის წამყვანი პროექტია საქართველოში”, განაცხადა ქ-ნმა ბერგლიოტ ჰოვლანდმა, ნორვეგიის ელჩმა საქართველოში. „მადლიერი ვართ, რომ გაეროს ბავშვთა ფონდს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ნორვეგიის მთავრობის სპეციალური საჭიროებების განათლების ეროვნულ სააგენტოს (Statped) შორის შესანიშნავი თანამშრომლობა შედგა, ასევე იმ უმნიშვნელოვანესი შედეგების გამო, რომელიც ამ თანამშრომლობამ მოიტანა. ის, თუ როგორ ვზრუნავთ ჩვენს ბავშვებზე, არის დემოკრატიული საზოგადოებების მნიშვნელოვანი საზომი, ხოლო ბავშვთა უფლებების მხარდაჭერა არის სამომავლო ინვესტიცია სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. მოხარული ვართ, როცა ვხედავთ, თუ რამხელა პროგრესს მიაღწია საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის უკეთესი ხარისხის განათლების გაძლიერებისა და ელშეწყობაში. ჩვენი საერთო მიზანია, ვუზრუნველყოთ ინკლუზიური, ხარისხიანი განათლება ყველა ბავშვისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, ამ პროექტმა უკვე მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა. ქვეყნის მასშტაბით ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის ძლიერი და ყოვლისმომცველი სისტემის ჩამოყალიბების გზით, პროექტი „არც ერთი ბავშვი განათლების მიღმა“ უზრუნველყოფს მდგრად და გრძელვადიან შედეგებს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ასევე პროექტის განხორციელებაში ჩართულ პარტნიორებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, მასწავლებლებსა და ესქპერტებს. მათი უშუალო ძალისხმევის გარეშე ჩვენ ვერავითარ ცვლილებებს ვერ მივაღწევდით“.

Norway Final Event
UNICEF/Geo-2023/Valishvili

„ბავშვებს სჭირდებათ ხელშემწყობი გარემო, სადაც მათ შეეძლებათ თამაში და ურთიერთობები“, - აღნიშნა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა. „ეს ინიციატივა დაეხმარა ბევრ ბავშვს, მათ შორის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ჩართულიყვნენ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში და სკოლებში, რაც საშუალებას მისცემს მათ, მიიღონ უკეთესი ხარისხის განათლება და განავითარონ თავიანთი უნარები. მადლობას ვუხდით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესანიშნავი პარტნიორობისთვის, ხოლო ნორვეგიის მთავრობას უდიდესი მხარდაჭერისთვის. გადაწყვეტილებაინკლუზიური განათლების მხარდაჭერის ახალი სისტემის დანერგვის შესახებ პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სხვა პარტნიორებთან, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ სისტემა, რომ ყველა ბავშვს ჰქონდეს ხარისხიანი სწავლისა და ინკლუზიური განათლების უფლება“.

Norway Final Event
UNICEF/Geo-2023/Valishvili

პროგრამამ მიაღწია შემდეგ შედეგებს:

  • შემუშავდა ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის სისტემის ახალი მოდელი. პარლამენტს წარედგინა ინკლუზიური განათლების მხარდაჭერის რეფორმისთვის საჭირო საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.
  • ხელი შეეწყო განათლებისა და მეცნიერების ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას 2022-2030 წლებისთვის, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანასწორობა, ინკლუზია და მრავალფეროვნება.
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და შერჩეულმა მუნიციპალიტეტებმა დაგეგმეს და შეიმუშავეს არაფორმალური საგანმანათლებლო პროგრამები (მათ შორის, სკოლის შემდგომი პროგრამები) სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
  • ცხრა მუნიციპალიტეტმა შეიმუშავა სტრატეგიები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის ხარისხიანი ადრეული და სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად.  
  • შეიქმნა სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის სისტემა, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხისა და ინკლუზიურობის გაუმჯობესებას ადრეული ასაკის ბავშვთა განათლების ეროვნული სტანდარტების განხორციელების მონიტორინგის გზით.
  • შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა ბავშვთა უფლებების ცენტრები, როგორც ცოდნის კერები.
  • სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის დაარსდა ინკლუზიური განათლების ცენტრები  სამიზნე საჯარო სკოლებში, სკოლის შემდგომი პროგრამების დემონსტრირებისა და მოდელირების მიზნით.
  • ინკლუზიური განათლების გასაძლიერებლად 10 საჯარო სკოლაში გაუმჯობესდა რესურს-ოთახების გამოყენება, გადამზადდნენ მასწავლებლები და 20 სახელმწიფო და კერძო პროფესიული განათლების დაწესებულებასთან პარტნიორობით მხარდაჭერა გაეწია შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს ზოგადიდან პროფესიულ/უმაღლეს განათლების საფეხურზე გადასვლაში.
  • სკოლამდელი და ზოგადი განათლების 3000-მდე სპეციალისტმა გაიუმჯობესა უნარები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის უკეთესი სერვისების მიწოდებისთვის.
UNICEF

პროგრამა განხორციელდა სამთავრობო უწყებებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, განათლების მუშაკებთან, პედაგოგებთან, მშობლებთან, ბავშვებთან და ახალგაზრდებთან მჭიდრო პარტნიორობით.

პროგრამის ფარგლებში შექმნილი რესურსები ხელმისაწვდომია ბმულზე: არც ერთი ბავშვი განათლების გარეშე

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.