ევროკავშირი და გაეროს ბავშვთა ფონდი აძლიერებენ მუნიციპალიტეტებს ბავშვებისა და ოჯახებისთვის სოციალური პროგრამირების დანერგვაში

თორმეტი მუნიციპალიტეტის მერი შეიკრიბა ბავშვებისათვის სოციალური პროგრამების და სამომავლო ხედვების განსახილველად

08 აპრილი 2024
A high-level meeting on strengthening municipalities.
UNICEF Georgia

ახალციხე, საქართველო, 2024 წლის 8 აპრილი. მერები და მერის მოადგილეები 12 მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ ახალციხეში, რათა მიმოიხილონ მუნიციპალურ დონეზე საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების განხორციელება. შეხვედრა ორგანიზებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტის - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში„ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს გაეროს ბავშვთა ფონდი.

პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი მუნიციპალიტეტების შესახებ, რომელიც განხორციელდა საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან (ათეა) პარტნიორობით, მიზნად ისახავს ყოვლისმომცველი, დეცენტრალიზებული, ბავშვზე ორიენტირებული და საჭიროებებზე დაფუძნებული სოციალური პროგრამირების გაძლიერებას და მუნიციპალიტეტებში სოციალური მუშაობის განვითარებას, რომ უკეთესი დახმარება გაეწიოთ ბავშვებს და მათ ოჯახებს.  

მუნიციპალიტეტების შეხვედრა გაიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით.

„ადგილობრივ დონეზე სოციალური პოლიტიკა ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერების მიზნით სათანადო მხარდაჭერას საჭიროებს და ამ მიმართულებით ჩვენი ყველას ძალისხმევა უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, მათ შორის, მუნიციპალიტეტებისათვის დამატებითი უფლებამოსილებების გადაცემის კვალდაკვალ და კვლევაზე დაფუძნებული პროგრამების შემუშავების მიზნით“, განაცხადა მზია გიორგობიანმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ.

„ძლიერი მუნიციპალიტეტები უმნიშვნელოვანესია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა იესპერ მოლერმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში. „ამ ინიციატივამ ხელი შეუწყო უფრო სტრუქტურირებულ პარტნიორობას მუნიციპალიტეტებს შორის სოციალურ პროგრამირებასთან მიმართებით და ასევე ინფორმაციის და გამოცდილების გაზიარებას იმის შესახებ, თუ რა ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან ერთობლივი გამოწვევები. პარტნიორი მუნიციპალიტეტები ახლა უკეთ არიან აღჭურვილნი, რათა დაეხმარონ ოჯახებს და ბავშვებს ადგილობრივ დონეზე. ევროკავშირის მხარდაჭერით და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან პარტნიორობით გავაგრძელებთ მუნიციპალიტეტების დახმარებას, რათა მათ შეძლონ თავიანთ თემებში ბავშვების და ოჯახების საჭიროებებზე რეაგირება“.

აღნიშნული ინიციატივის შედეგად:

  • 18 საპილოტე მუნიციპალიტეტმა ისწავლა საჭიროებებზე დაფუძნებული და ბავშვზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შემუშავება ყველაზე დაუცველი ბავშვიანი ოჯახების მხარდასაჭერად. სოციალური პროგრამები ეფუძნებოდა ოჯახებისა და ბავშვების საჭიროებების შეფასებას, რამაც საშუალება მისცა საპილოტე მუნიციპალიტეტებს, რეაგირება მოეხდინათ ადგილობრივი თემების საჭიროებებზე შესაბამისი ინიციატივების განხორციელებით.
  • სოციალური პროგრამების დაგეგმვის შესახებ გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების მიზნით შეიქმნა სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალური პლატფორმა. ამჟამად მიმდინარეობს სერვისების ერთიანი მიწოდების სისტემის პილოტირება რეგიონში და მოგვიანებით გაფართოვდება სხვა რეგიონებშიც.
  • ჩატარდა ეროვნული კანონმდებლობის ანალიზი ბავშვების და ოჯახების სოციალურ დაცვაში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მხრივ არსებული ბარიერების გამოსავლენად.
  • ცენტრალურმა მთავრობამ აღიარა საჭიროებებზე დაფუძნებული და ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა სოციალური პროგრამირების საუკეთესო პრაქტიკად და მოუწოდა ყველა მუნიციპალიტეტს მსგავსი მიდგომები გამოიყენონ.
  • მუნიციპალური სოციალური სამუშაოს სიტუაციური ანალიზი ჩატარდა 10 შერჩეულ მუნიციპალიტეტში და შემუშავდა კონცეფცია მუნიციპალური სოციალური სამუშაოს და სერვისების გასაძლიერებლად.
  • 10 შერჩეულ მუნიციპალიტეტში შემუშავდა და დაინერგა მშობლების განათლებისა და ოჯახის მხარდაჭერის სერვისის მოდელი.

„ეს პროექტი გამოირჩეოდა იმით, რომ დაგვიტოვა რეალური შედეგი, რეალური კომპეტენცია, რომელსაც ჩვენ პროექტის დასრულების შემდეგ გამოვიყენებთ და გავაფართოვებთ კიდეც“, - განაცხადა ქუთაისის მერის მოადგილემ თამარ დახუნდარიძემ. „საჭიროებები, რაც გამოვავლინეთ, ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა. უკვე ვფიქრობთ, რომ საჭიროებათა კვლევის ამ მეთოდოლოგიას გამოვიყენებთ არა მხოლოდ ბავშვების და მათი ოჯახების საჭიროებების გასარკვევად, არამედ ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ჯგუფების საჭიროებებსაც შევაფასებთ“.

პროექტის შედეგად მიღებული გამოცდილება ხელს შეუწყობს სამომავლო სტრატეგიების შემუშავებას როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე ცენტრალური ხელისუფლებისთვის.

ინიციატივა ეხმაურება 2019 წელს მიღებული „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრულ მუნიციპალიტეტების ახალ როლს. კოდექსის თანახმად, საქართველოს მუნიციპალიტეტებს ენიჭებათ მნიშვნელოვანი როლი ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის კუთხით. ეს როლი ორმხრივია: მუნიციპალიტეტებს უნდა შეეძლოთ გაჭირვებული ოჯახების და ბავშვების იდენტიფიცირება და მათი მხარდაჭერა თემში არსებული სოციალური სამუშაოსა და სოციალური სერვისების მეშვეობით; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტებს ასევე უნდა შეეძლოთ საზოგადოებაში სოციალური საჭიროებების გამოვლენა და მათი მოგვარება ბავშვზე ორიენტირებული სოციალური პროგრამების შემუშავებით.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.

 

ევროკავშირის შესახებ

30 წელზე მეტია ევროკავშირს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს საქართველოსთან და ეხმარება მას ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში, ექსპერტიზაში, ინოვაციებში და უწევს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. შეიტყეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

პროექტის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სამწლიანი პროექტი - „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში„ მიზნად ისახავს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მხარდასაჭერად კანონმდებლობის, პოლიტიკისა და სახელმძღვანელო პრინციპების გაუმჯობესებას; პროფესიული სამუშაო ძალის შესაძლებლობების გაძლიერებას საქართველოში ბავშვებისა და ოჯახების მხარდასაჭერად როგორც ცენტრალურ, ისე მუნიციპალურ დონეზე.