როგორ დავეხმაროთ თინეიჯერ შვილს სტრესის დროს

იყავით თქვენი შვილის გვერდით რთულ სიტუაციებთან გამკლავებისას

UNICEF
Teenage Girl with Parents
UNICEF/Geo-2018/Jibuti
05 მარტი 2022

იმის მიუხედავად, როგორი ურთიერთობა გაქვთ თქვენს თინეიჯერ შვილთან - კარგი თუ გამოწვევებით სავსე, მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ გიყვართ და მხარს უჭერთ და შეახსენოთ ერთმანეთს, როგორ გიყვართ ერთმანეთი. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ დაეხმაროთ ბავშვს გაუძლოს რთულ პერიოდს და ამავე დროს საკუთარ თავზეც იზრუნოთ.
 

წაახალისეთ თინეიჯერი შვილი, გაგიზიაროს თავისი გრძნობები

  • შეეცადეთ ყოველთვის მოიკითხოთ შვილი. ჰკითხეთ, როგორ ჩაიარა მისმა დღემ და რა გააკეთეს. შეგიძლიათ შესთავაზოთ თქვენთან ერთად შეასრულოს რამე სამუშაო, მაგალითად, მოამზადოს სადილი. ამ დროს შეგიძლიათ ესაუბროთ, როგორ გაატარეს დღე.
  • შეახსენეთ თქვენს თინეიჯერ შვილს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მის გვერდით იქნებით, და რომ გაინტერესებთ, როგორ გრძნობს თავს და რაზე ფიქრობს.
  • მნიშვნელოვანია ვაცნობიერებდეთ და გვესმოდეს ის ემოციები, რომლებსაც შეიძლება განიცდიდნენ, მაშინაც კი, როცა ეს დისკომფორტს იწვევს თქვენში. მაგალითად, როცა რამეს გაგიზიარებენ, შეგიძლიათ უპასუხოთ: „მესმის“, „როგორც ჩანს, მართლა რთული სიტუაციაა“ ან „რასაც ამბობ, ლოგიკურია“.
  • თქვენი თინეიჯერი შვილის ისეთი ქმედებები, რომლებიც არ მოგწონთ, შეიძლება იოლი შესამჩნევი იყოს. თუმცა შეეცადეთ, შეამჩნიოთ ასევე ის, რასაც კარგად აკეთებს (თუნდაც ეს მარტივი რამ იყოს) და შეაქოთ ამის გამო.
     

გამოყავით დრო თქვენი შვილის დასახმარებლად

  • ერთად დაგეგმეთ ახლებური რუტინები და ყოველდღიურად დაისახეთ რეალური მიზნები, ვინაიდან ცვალებად გარემოში თქვენი გარემოებებიც შეიძლება შეიცვალოს.
  • მოზარდობის ხანა ნიშნავს დამოუკიდებლობას! შეეცადეთ მისცეთ ბავშვს შესაბამისი დრო და შეუქმნათ სივრცე, სადაც მარტო გაატარებს დროს და მეტ პასუხისმგებლობას აიღებს. როცა ბავშვი იზრდება, სავსებით ნორმალურია, რომ პირადი სივრცე ესაჭიროება.
  • მოიფიქრეთ, რა ხერხებით შეგიძლიათ დაეხმაროთ და წაახალისოთ თქვენი თინეიჯერი ცოტა შეისვენოს (სასკოლო დავალებებისგან, სახლის სამუშაოსგან თუ სხვა საქმეებისგან), იმისთვის რომ გააკეთოს ის, რაც სიამოვნებს და გაატაროს დრო მეგობრებთან ერთად. თუ თქვენი შვილი ფრუსტრირებულია, დაელაპარაკეთ და ერთობლივად განიხილეთ, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ესა თუ ის პრობლემა. არ აიღოთ ზედმეტი ინიციატივა და არ მიუთითოთ რა გააკეთოს.
     

დაძლიეთ კონფლიქტი თქვენსა და თქვენ თინეიჯერ შვილს შორის

  • მოუსმინეთ შვილის აზრს და შეეცადეთ მშვიდად მოაგვაროთ თქვენ შორის არსებული პრობლემები. გახსოვდეთ: ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ჩავარდეს სტრესში!
  • არასდროს დაიწყოთ რამე თემის შესახებ საუბარი, როცა გაბრაზებული ხართ. გაერიდეთ, ჩაისუნთქეთ და დამშვიდდით. ამ საკითხს კი შვილთან ერთად შეგიძლიათ მოგვიანებითაც დაუბრუნდეთ.
  • თავი შეიკავეთ ძალაუფლებისთვის ბრძოლისგან. ამჟამად, როცა ისეთი განცდაა, რომ მსოფლიო არაპროგნოზირებადია, თინეიჯერ ბავშვებს შეიძლება უჭირდეთ იმის გამო, რომ  განცდა აქვთ თითქოს  მათ კონტროლს არაფერი ექვემდებარება. როგორი ძნელიც არ უნდა იყოს მოცემულ მომენტში, იმის ნაცვლად, რომ შეებრძოლოთ ან დათრგუნოთ თქვენი თინეიჯერი შვილის ნება, შეეცადეთ თანაგრძნობით მოეკიდოთ მის სურვილს მოიპოვოს რამეზე კონტროლი ამ საშიშ დროს.
  • იყავით გულწრფელი და გამჭვირვალე თქვენს შვილთან მიმართებაში: შეგიძლიათ გააგებინოთ, რომ თქვენც ზედმეტ სტრესს განიცდით და თავგზა აგებნათ, გაურკვევლობას ან შიშს გრძნობთ. როდესაც მოახდენთ იმის მოდელირებას, თუ როგორ უმკლავდებით რთულ განცდებს, ამით მიახვედრებთ, რომ მათი განცდებიც სავსებით ნორმალურია.
  • თუ თქვენსა და თქვენს თინეიჯერ შვილს შორის კონფლიქტია, გამოყავით დრო იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, როგორ შეგიძლიათ ერთად მისი მოგვარება. შეგიძლიათ გაუზიაროთ თქვენი ფიქრები შვილს, რათა მიყვეს თქვენი აზრების ლოგიკურ ჯაჭვს.
     

გამოყავით დრო საკუთარი თავისთვის

როცა ბავშვზე ზრუნვა გევალებათ, ბევრ რამეს უნდა გაუმკლავდეთ. თქვენც გჭირდებათ ზრუნვა და მხარდაჭერა. საკუთარი თავზე ზრუნვა ასევე კარგი ხერხია იმისთვის, რომ აჩვენოთ თქვენს თინეიჯერ შვილს, თუ როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე.

  • როცა პრობლემებთან გამკლავება გიჭირთ, ნუ დააყოვნებთ, რომ სხვას მიმართოთ დახმარებისთვის. ასეთი განცდა სრულიად ნორმალურია. მიმართეთ ოჯახის წევრს ან სხვას, ვისაც შეგიძლიათ გაესაუბროთ.
  • დაუთმეთ დრო სხვებთან ურთიერთობებს. ყოველდღე გამოყავით დრო იმისთვის, რომ იურთიერთოთ იმ ადამიანებთან, ვისგანაც მხარდაჭერას და გაგებას იღებთ. მოძებნეთ რამდენიმე ადამიანი, ვისაც გაუზიარებთ გრძნობებს და გამოცდილებას.
  • დროის გარკვეული მონაკვეთი დაუთმეთ ისეთი საქმეების კეთებას, რომლებიც დაგეხმარებათ სტრესთან გამკლავებასა და მართვაში. იმისდა მიუხედავად, რამდენად დატვირთული დღე გქონდათ, თქვენი კეთილდღეობისთვის აუცილებელია გამოყოთ დრო საკუთარი თავის მოსავლელად.
  • გამოსცადეთ სხვადასხვა პოზიტიური სტრატეგია და შეარჩიეთ ისეთი, რომელიც თქვენთვის ეფექტურია. ეს შეიძლება იყოს:
    - ვარჯიში
    - მეგობრებთან საუბარი
    - გასაკეთებელი საქმეების სიის შედგენა და წინასწარ დაგეგმვა
    - რუტინებისა და სტრუქტურების წარმოება
    - ფიქრი იმაზე, თუ რისთვის ვართ მადლობელი და რითი ვამაყობთ