მშობლების კეთილდღეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რომ მათ სათანადოდ იზრუნონ შვილებზე, აცხადებს იუნისეფი

ბავშვთა დაცვის დღეს იუნისეფი იწყებს კამპანიას პოზიტიური მშობლობის შესახებ, რომელიც მთელი თვე გაგრძელდება

01 ივნისი 2023
Child with a face painting
UNICEF/Geo-2023/Sukhitashvili

თბილისი, საქართველო, 1 ივნისი, 2023 წელი - გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) ყველა ბავშვს საქართველოში ულოცავს ბავშვთა დაცვის დღეს. ეს დღე  ბავშვების კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ეძღვნება. პირველ ივნისს იწყება და მთელი თვის მანძილზე გაგრძელდება იუნისეფის მიერ ორგანიზებული პოზიტიური მშობლობის შესახებ კამპანია.

წელს გაეროს ბავშვთა ფონდი ხაზს უსვამს მშობლების კეთილდღეობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობას. ბავშვის აღზრდა ზოგჯერ შესაძლოა საკმაოდ რთული იყოს, ამიტომაც მშობლების კეთილდღეობა უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შვილებს საჭირო ზრუნვა და მხარდაჭერა ჰქონდეთ. საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა მშობლებს აძლევს საშუალებას, გამოიმუშაონ გამძლეობა და ეფექტიანად გაუმკლავდნენ მშობლობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რაც საბოლოო ჯამში სარგებელს მოუტანს მთელ ოჯახს.

"მშობლობა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოა", ამბობს ემი ქლენსი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე. "მშობლობის მნიშვნელობის ხაზგასმით გაეროს ბავშვთა ფონდი აღიარებს იმ გადამწყვეტ როლსაც, რომელსაც ისინი ასრულებენ თავიანთი შვილების ცხოვრების ფორმირებაში. ჩვენ საჭიროდ მივიჩნევთ მშობლების მხარდამჭერ მომსახურებებში უფრო მეტ ინვესტირებას. მშობლების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში ინვესტიცია გადამწყვეტია ბავშვების პოზიტიური და ყოვლისმომცველი განვითარებისათვის. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვცდილობთ მივაწოდოთ მშობლებს საჭირო ინსტრუმენტები და ცოდნა, რაც მათ დაეხმარებათ გამოიყენონ აღზრდის პოზიტიური მეთოდები. ეს კი ბავშვებს ცხოვრებაში საუკეთესო სასტარტო პოზიციებს შეუქმნის“, დასძინა ქ-ნმა ქლენსიმ.

"მშობლების ფსიქიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში ინვესტიცია გადამწყვეტია ბავშვების პოზიტიური და ყოვლისმომცველი განვითარებისათვის. ჩვენი საქმიანობის ფარგლებში ვცდილობთ მივაწოდოთ მშობლებს საჭირო ინსტრუმენტები და ცოდნა, რაც მათ დაეხმარებათ გამოიყენონ აღზრდის პოზიტიური მეთოდები. ეს კი ბავშვებს ცხოვრებაში საუკეთესო სასტარტო პოზიციებს შეუქმნის“, - ემი ქლენსი, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილე.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოებას და ბიზნესს, განავითარონ ხარისხიანი მშობლობის პროგრამები, უზრუნველყონ ხელმისაწვდომობა ხარისხიან ადრეული განათლებასა და ზრუნვაზე ყველა ბავშვისთვის და პრიორიტეტად დაისახონ ინვესტირება ბავშვების ცხოვრების ადრეულ წლებში.

მშობელთა თვის აქტივობების ფარგლებში გაეროს ბავშვთა ფონდი მიზნად ისახავს მშობლების გაძლიერებას კონკრეტული ცოდნითა და უნარებით, თუ როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე და შვილებზე. სხვადასხვა ღონისძიების მეშვეობით, როგორებიცაა სემინარები და ინტერაქტიული სესიები, მშობლები აღიჭურვებიან ცოდნითა და უნარებით, რომლებიც საჭიროა მშობლისა და ბავშვის პოზიტიური ურთიერთობისა და ბავშვის ჯანსაღი განვითარების ხელშეწყობისთვის.

ასევე იგეგმება სოციალური მედიის კამპანია, რომელიც მოიცავს მშობლებისა და ბავშვების ისტორიებს, საგანმანათლებლო ვიდეოებს ბავშვთა ფსიქოლოგების მონაწილეობით, სადაც ისინი პოზიტიური აღზრდის შესახებ კონკრეტულ რჩევებსა და რეკომენდაციებს შესთავაზებენ მშობლებს. შეიქმნა საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას, რეკომენდაციებსა და რესურსებს პოზიტიური მშობლობის შესახებ  https://uni.cf/3N4BCw6

8-9 ივნისს ბათუმში დაგეგმილი ადრეული ასაკის ბავშვთა განათლებისა და ზრუნვისადმი მიძღვნილი მე-2 საერთაშორისო კონფერენცია ფოკუსირებულია თამაშზე დაფუძნებულ სწავლებაზე და გამოყენებული იქნება, როგორც პლატფორმა პოზიტიური მშობლობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად.

იმართება შეხვედრები მშობლებთან პოზიტიური მშობლობის შესახებ ისეთ ბიზნეს კომპანიებთან პარტნიორობით, როგორიცაა საერთაშორისო სავაჭრო პალატა და „ჯი პი აი ჰოლდინგი“. შეხვედრების მიზანია დიალოგი მშობლებსა და ფსიქოლოგებს შორის პოზიტიური მშობლობის სხვადასხვა საკითხის შესახებ.

პოზიტიური მშობლობა ხაზს უსვამს მშობლებსა და შვილებს შორის პატივისცემაზე დაფუძნებულ, არაძალადობრივ და მზრუნველობით ურთიერთობებს. ის მოუწოდებს მშობლებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ ბავშვის ემოციურ საჭიროებებს, იზრუნონ მათი თვითშეფასების ამაღლებაზე და მხარი დაუჭირონ მათ ჯანსაღ ზრდას და განვითარებას.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.