გაეროს ბავშვთა ფონდი და საქართველოს მთავრობა აფასებენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის მუშაობას

14 დეკემბერი 2023
UNICEF and the Government of Georgia review the work of the Center for Psychological and Social Services for Children Victims of Violence
UNICEF/Geo-2023/Blagonravova

თბილისი, საქართველო, 2023 წლის 14 დეკემბერი – გაეროს ბავშვთა ფონდმა და საქართველოს მთავრობამ ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით გააანალიზეს საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ინტეგრირებული მომსახურების ცენტრის მუშაობა და ბავშვებისთვის გაწეული მხარდაჭერა. ბავშვებზე მორგებული, მრავალპროფილური მოდელი, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის მხარდაჭერით აამოქმედა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებულმა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ, მიზნად ისახავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვას ხელახალი ტრავმირებისგან და საგამოძიებო და სარეაბლიტაციო პროგრამების ერთ სივრცეში მოქცევას.

ცენტრი ეფუძნება „ბარნაჰუსის“ ცნობილ მოდელს, რომელიც წარმოიშვა ისლანდიაში 1998 წელს და რომლის შესაბამისი მოდელები შემდეგ ევროპის ქვეყნების უმეტესობაში გავრცელდა. საქართველოში ცენტრის ჩამოყალიბებაში წვლილი შეიტანეს სხვა უწყებებმაც, როგორიცაა მთავრობის ადმინისტრაცია, შინაგან საქმეთა სამინისტრო, გენერალური პროკურორის სამსახური, იურიდიული დახმარების სამსახური და ლევან სამხარაულის სახ. სასამართლო ექსპერტიზის ბიურო. სასამართლო გადამწყვეტ როლს ასრულებს „ბარნაჰუსის“ სტანდარტებთან შესაბამისი საერთო პრაქტიკის ჩამოყალიბების ხელშეწყობაში. 2022 წლიდან ცენტრი დაეხმარა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ 190-მდე ბავშვს. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის დასასრულისთვის აიღო მეორე ამგვარი ცენტრის გახსნის ვალდებულება ქუთაისში, სადაც დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ ბენეფიციარებს მოემსახურებიან.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს მთავრობის მხარდაჭერას საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაში და ცენტრის ფუნქციონირებისთვის ეფექტიანი მეთოდოლოგიის გამოვლენაში. აგრძელებს რა ამ მიმართულებით ძალისხმევას, გაეროს ბავშვთა ფონდმა ცენტრის გაძლიერებაში მთავრობის მხარდაჭერის მიზნით მოიწვია „ბარნაჰუსის“ მოდელის შემოქმედად ცნობილი ბატონი ბრაგი გუდბრანსონი, რომელიც ასევე გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტის წევრია, და ქალბატონი ემა ჰეარვუდი, გაერთიანებული სამეფოს პირველი „ბარნაჰუსის“ თანადამფუძნებელი.

visit to the center
UNICEF/Geo-2023/Blagonravova

ვიზიტის ფარგლებში ექსპერტები დისკუსიას გამართავენ  საქართველოს ოფიციალურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის თანამშრომლებსა და სხვა დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლებთან. მათი ვიზიტის მთავარი მიზანია არსებული პრაქტიკის გაცნობა, მიღწევებისა და გამოწვევების განხილვა და ეფექტიანი გადაწყვეტილებების შემოთავაზება. ამასთან, ექსპერტები გააზიარებენ მნიშვნელოვან მომენტებს სხვადასხვა ქვეყნებში „ბარნაჰუსის“ მოდელის განხორციელების თავიანთი მდიდარი გამოცდილებიდან.

“საინტერესო გამოცდილება იყო საქართველოში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვისა და მხარდაჭერის მხრივ მიღწეული შედეგების გაცნობა. აქ შევხვდი თავდადებულ და საქმის მცოდნე პროფესიონალებს, რომლებიც ცდილობენ გაიუმჯობესონ ცოდნა და უნარები. ჩვენ მათ გავუზიარეთ ბარნაჰუსის გამოცდილება ევროპის ბევრ ქვეყანაში, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის, ბავშვთა დაცვისა და ჯანდაცვის მომსახურებების გაუმჯობესებას, რომ მათ უკეთ დაუჭირონ მხარი ბავშვებსა და მათ ოჯახებს“, - ამბობს ბრაგი გუდბრანდსონი.

გაეროს ბავშვთა ფონდი აგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს მთავრობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და სხვა პარტნიორებთან ქვეყანაში მცხოვრები ბავშვებისთვის უფრო უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემოს შესაქმნელად.

ბავშვების წინააღმდეგ ძალადობამ შეიძლება ბავშვების ცხოვრებაზე სამუდამო კვალი დატოვოს.ძალადობაზე აღძრული საქმეების გამოძიებისას ბავშვებს სხვადასხვა უწყებაში ხანგრძლივი და სტრესული პროცესის გავლა უწევთ დაკითხვებზე, სასამართლო და სამედიცინო ექსპერტიზებზე. მტკიცებულება გვაჩვენებს, რომ ყოველივე ეს შეიძლება ძალიან მატრავმირებელი აღმოჩნდეს ბავშვისთვის. ამგვარმა ხელახალმა ვიქტიმიზაციამ შეიძლება ბავშვზე უფრო საზიანო შედეგი მოახდინოს, ვიდრე უშუალოდ ძალადობამ. სასამართლო ექსპერტიზის გამოკითხვის ტექნიკის არმცოდნე ადამიანების მიერ მრავალგზის ჩატარებული გამოკითხვისას ბავშვის მიერ მოთხრობილი მოვლენები შეიძლება დამახინჯებული სახით წარმოგვიდგეს მიკერძოებულად დასმული კითხვების შედეგად, რაც სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას საზიანო შედეგს გამოიწვევს.

მედია კონტაქტები

მაია ქურციკიძე
კომუნიკაციის სპეციალისტი, კომუნიკაციის სექციის ხელმძღვანელი
იუნისეფი საქართველო
ელექტრონული ფოსტა: mkurtsikidze@unicef.org

იუნისეფის შესახებ

გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), მისი ყველა ქმედებით, მხარს უჭერს ყველა ბავშვის უფლებების დაცვას და კეთილდღეობას. პარტნიორებთან ერთად, ჩვენ ვმუშაობთ 190 ქვეყანაში და ტერიოტრიულ ერთეულში აღებული ვალდებულებების პრაქტიკაში განხორციელების მიზნით, სპეციალურ აქცენტს ვაკეთებთ ყველაზე მოწყვლად და საზოგადოებისგან გარიყულ ბავშვებზე, ყველა ბავშვის კეთილდღეობისთვის, ყველგან.

გაეროს ბავშვთა ფონდისა და მისი მუშაობის შესახეხ დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ გლობალურ გვერდს

თვალი ადევნეთ იუნისეფს Twitter-სა და Facebook-ზე.